თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა მედიას რუსთავში 19 აგვისტოსთვის დაგეგმილი აქციის ტექნიკური დეტალები გააცნეს.
როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რუსთავის მერიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს შარტავას მოედნის დაკავება რუსთავის ბლოკირებას მოახდენს და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ძიძიგურმა და სუბარმა რუკა წარმოადგინეს და განმარტეს, რომ ამ მოედანს აქვს ოთხი შემოვლითი გზა, შესაბამისად, რუსთავის ბლოკირება არ ხდება.ძიძიგურმა აღნიშნა, რომ თვითონ გააკეთებენ ორგანიზებას ტრანსპორტისთვისაც, კერძოდ – აქციის დაწყებამდე 3 საათით ადრე, 16.00 საათიდან, დაიწყება ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა. ზვიად ძიძიგურმა რუსთაველებს სთხოვა, თავი შეიკავონ ამ დღეს შარტავას გამზირის მიმართულებით გადაადგილებისგან.
მისივე თქმით, კოალიციას ეყოლება თავისი საორგანიზაციო ჯგუფი, დაახლოებით, 500 კაცის შემადგენლობით განსხვავებულ ფორმებში, რომლებიც უზრუნველყოფენ წესრიგის დაცვას.
ძიძიგურის განმარტებით, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე დილის 09.00 საათიდან დაიწყება სცენის დამონტაჟება.
„რუსთავის ღონისძიებაზე ძალიან დიდი მოლოდინია და მთელი რუსთავი აპირებს მოსვლას. მე მინდა, ვთხოვო რუსთავის მერიას, ნუ გაგვებუტებიან და მოგვეხმარონ ამ აქციის ორგანიზებაში, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითადი ფუნქციაა, თანაქალაქელებს მოემსახუროს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
მანვე მზადყოფნა გამოთქვა, ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად ითანამშრომლოს ტრანსპორტის დარეგულირებაში და საორგანიზაციოს ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობაში.
სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ თვითმმართველობების მოვალეობაა, მანიფესტაციის მსვლელობისათვის ყველაფერი იყოს ორგანიზებული.
„რუსთავის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას. მათ თქვეს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე. თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება დაადასტურებდა, რომ ხელისუფლებაა და განზე არ გადგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან მოუწოდა ყველა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებელო ორგანიზაციებს, დილიდანვე მივიდნენ რუსთავის აქციაზე და დააკვირდნენ აქციისთვის მზადების მიმდინარეობას.