პოლიტიკა
ახალციხე – მეფე როსტევანი, სააკაშვილი და შარლ აზნავური

1-axalcixe-politika3თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. ახალციხეში აღდგენილი შენობა-ნაგებობების დათვალიერების შემდეგ გუშინ რაბათის ციხეში შეკრებილ მოსახლეობასა და სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

„დღეს აქ არიან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები მთელი საქართველოდან, ქვეყნის ყველა კუთხიდან. რამდენიმე წუთის წინ სიღნაღელები შემხვდნენ. აღმშენებლობა ჩვენ სიღნაღში ვისწავლეთ. შესაძლოა, თავიდან ბევრი შეცდომაც გვქონდა, მაგრამ ამ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ კიდეც. აქ არიან თელაველები და დღეს თელავი წარმოუდგენლად შენდება. თავდაპირველად, მხოლოდ ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, მაგრამ ახლა მთელ თელავს ვაშენებთ.

ჩვენ ვაშენებთ ამ რაბათის ციხეს, რომელიც ჩვენი აღმშენებლობის ნამდვილი გვირგვინია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„აქ, ახლომახლო ცხოვრობდა კაცი, ვინმე მესხი მელექსე, რომელმაც საუკეთესო პოემა დაწერა და მინდა, მისი სიტყვებით მოგმართოთ: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“.

საქართველო თავის  მრავალფეროვნებით არის ლამაზი. შესაძლოა, ეს სწორედ ის ციხე იყო, რომელშიც მეფე როსტევანი იჯდა – გახსოვთ, ალბათ:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი...“

ისევ რუსთაველს დავესესხები, რომელმაც ასე აღწერა ციხე:

„ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.

კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა“.

ეს უნიკალური ადგილია საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი აღმშენებლობის სიმბოლო, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ არა მხოლოდ რაბათი – ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატის ტაძარი, რომელზეც ხვალ აღვმართავთ ჯვარს.

მანამდე აღვადგინეთ გელათი, ვამთავრებთ ფოთის ტაძრის მშენებლობას...

რაბათის ციხეში ასევე აღდგა უძველესი, მე-9 საუკუნის ქართული ეკლესია, რომელშიც დღეს პირველად მეუფე თევდორემ აღავლინა წირვა.

მას ჩვენ დიდად ვემადლიერებით, რადგან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ეკლესიის აღდგენისთვის. ჩვენთან ერთად, ასევე, ძალიან ბევრი იმუშავეს ჩვენმა მღვდელმსახურებმა.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

დაწყებულია თუშეთისა და მუცოს აღდგენა, განვაგრძობთ სვანეთის აღდგენას, აღვადგინეთ მესტია და ვაკეთებთ უშგულს...

მაღალმთიან რაჭაში ვიწყებთ სოფლების აღდგენას, სადაც რამდენიმე დღის წინათ ვიმყოფებოდი.

საქართველოში შენდება ახალი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, რომელსაც, თითქმის, აღარაფერი აქვს ძველი.

დაწყებულია თელავის რეაბილიტაცია, რომელიც, პრაქტიკულად, ახალი ქალაქი იქნება, განსაკუთრებით, სტიქიის შემდეგ.

ვაშენებთ ახალციხეს, რომელიც, ფაქტობრივად, თავიდან შენდება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„ თუკი ახალციხეში აქამდე 100-150 ადამიანი ჩამოდიოდა წელიწადში, თავს დავდებ, რომ შემდეგ წელს ამ ქალაქს 100 ათასი ვიზიტორი ეყოლება, რომელიც ფულს დატოვებს  თითოეული ახალციხელის ბიზნესში – კაფეში, სასტუმროში, საკვებ ობიექტებში და სოფლის მეურნეობაში.

მინდა, მივმართო მათ, ვინც ამბობს, რომ არც ეს ციხე უნდა აღგვედგინა და არც ბაგრატი... ეს იგივე ხალხია, ვისაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს. დარწმუნებული ვარ,  აქ ერთხელაც არ არიან ნამყოფი და წარმოდგენაც არ აქვთ, სად იყო ახალციხე და რა იყო რაბათი.

ამ ციხის აღდგენის მთავარი ინიციატორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც ამ ციხის მახლობლად დაიბადა და ნამდვილი გმირია.

ახალციხის შენება კვლავაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგი ძეგლი, რომელიც უნდა აღვადგინოთ არის გორის ციხე. იქაც გავაკეთოთ ისე, რომ თითოეულ გორელს ბევრად მეტი პერსპექტივა გაუჩნდეს და ბევრად მეტად იამაყოს საკუთარი ქალაქით.

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმთავრესი გზა, ჩვენი ტურისტული პოტენციალის ამოქმედება და ჩვენი უზარმაზარი კულტურის მთელი ძალით ამუშავებაა. ამ საქმეში კი, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვერავინ შეგვედრება.

ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ ხოლმე, რომ ომი, თურმე, ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ გვდომოდა ომი და ნგრევა? ეს შენება ჩვენთვის ყველაფერია; ჩვენთვის ყველაფერია ახალი ქალაქები – ლაზიკა გვაქვს ასაშენებელი... როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს?

მინდა, ილია ჭავჭავაძის ციტატა გავიხსენო: „რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი...“

არ არის ეს ახლანდელი ქართული ისტორიის ზუსტი აღწერა?!

შემდეგ ილია აგრძელებს: „ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი...“, მაგრამ ძალიან სახელოვანი და ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დაბოლოს, მინდა, გამოსვლა ისევ დიდი რუსთაველის, ვინმე მესხი მელექსის ბოლო სტრიქონებით დავასრულო:

„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,

იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად“.

ჩვენ ბევრი მტრები გვყავდა, დღესაც გვყავს ძალიან მრავალრიცხოვანი მტერი, მაგრამ ქართველი არასდროს დაიხევს უკან და არ შეეგუება იმას, რომ ვიღაცის ფეხქვეშ იყოს გადებული!

ასეთი წარსულის მქონე ერს, რომელმაც ასეთი კულტურა შექმნა, არ შეიძლება არ ჰქონდეს დიდი მომავალი და ამ მომავალს დღეს ყველანი ერთად ვაშენებთ!

ესტაფეტა ჩვენ თქვენ, აქ მყოფ ახალგაზრდებს უნდა გადმოგცეთ და არა წარსულის მოღვაწეებს, რომლებსაც ყველაფრის დანგრევა და მოსპობა უნდათ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.