სამართალი
შესწორებები ერთიან საარჩევნო სიაში – მითი და რეალობა

1-siaa-samaarTaa3თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. სიების დაზუსტების კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო მონიტორინგს არჩევნების დღეს და არჩევნებამდე 16 დღის განმავლობაში კომისიის წევრები და რეგიონული წარმომადგენლები, სულ 32 ადამიანი, განახორციელებს. მონიტორინგი განხორციელდება ბიულეტენების ბეჭდვაზეც. სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ კომისიის წევრებს მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის მოფიქრებისკენ მოუწოდა.

კაციტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიას უფლებამოსილების ვადა დეკემბრის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, ბიუჯეტის თვალსაზრისით, არაფერი  შეცვლილა. იყო საფრთხე, რომ ამას რეგიონულ წარმომადგენლობებში სტრუქტურული რეორგანიზაცია მოჰყვებოდა. მაგრამ, როგორც კაციტაძე ამბობს, რეორგანიზაცია არ მოხდება და კომისია დამატებითი სახსრების გამოყოფას ეცდება.

საქინფორმისგან: უცნობია – კიდევ რამდენი დაზუსტება და ცვლილება შევა ერთიან საარჩევნო სიაში, რომელსაც, ამ საქმეში სხვადასხვა კომპეტენტური ექსპერტის აზრით, წარმოუდგენლად „გაბერავენ“. სიაში, სადაც დაფიქსირებულია 3 621 256 ამომრჩეველი, ძალიან ბევრია „მკვდარი სული“, სახელდება 300 ათასიდან 1 მილიონამდე ხელისუფლების მიერ მის სასარგებლოდ მიწერილი გვარი საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირების მიზნით. ეჭვს იწვევს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაც, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2 მლნ 600 ათას კაცს არ აღემატება, მიუხედავად აღწერის ჩატარების შესახებ არაერთხელ მიღებული გადაწყვეტილებისა, აღწერა არ ჩატარებულა...

ასევე, აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი არჩევნებზე ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებაა“. მიუხედავად მისი ლიდერების ხმამაღალი განცხადებებისა, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საკუთარი – ალტერნატიული დაზუსტებული ვარიანტი.