სამართალი
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე თავდასხმის მზადებაზე საუბრობს

1-CafiZe-samarTaa2თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქარული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასზე თავდასხმის მზადების თაობაზე.

„როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ინტენსიურად ვმართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩემს რაიონში კი „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატობის კანდიდატად პალიკო კუბლაშვილის დასახელებას აპირებს. მათ დაიწყეს ტყიბულში გაყალბებისათვის მზადება. აღმოვაჩინეთ, რომ 11 არარსებული მისამართია დარეგისტრირებული. გამალებით მიმდინარეობს ე.წ. აიდიბარათების დამზადება-გაცემა. შევიტყვე, პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა თათბირი, სადაც განუცხადებია – ხომ იცით, არჩევნებს წავაგებთ, თუ ყველა ზომას არ მივმართავთო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ბინძური მეთოდებით დაიწყო. გასულ კვირას მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამის მტკიცებულებები ხელთ გვაქვს“, – აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე გაზეთ ყველა სიახლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომლები იღებენ ჩემი ავტომობილის ფოტოებს ყოველი მხრიდან. მათ მიღებული აქვთ დავალება, მოიპოვონ მასალა, მანქანაში რომელ მხარეს ვჯდები, აგრეთვე, იმ პირების ფოტომასალა, ვინც ჩემ გვერდით ხშირად იმყოფება და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობენ მოწმეები და მაქვს იმ თათბირის ჩანაწერი, რომელზეც ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე თანამშრომლებს ავალებს, დეტალურად შეისწავლონ ჩემი გადაადგილების მარშრუტი, გაარკვიონ ჩემი ავტომობილის ტექნიკური მხარე, სად ვაყენებ ავტომობილს და რომელ მხარეს უფრო ხშირად ვჯდები. თუ ეს არის მცდელობა, შემაშინონ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელი ამაღებინონ დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლაზე, მაშინ ნაციონალების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შეშინება არ გამოუვათ, რადგან არაფრის მეშინია! მეორე მხრივ, ისეთმა ბოროტმა ძალამ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს, ადვილი შესაძლებელია, სიცოცხლის ხელყოფაც იკადროს“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
„ფრთხილი ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომ მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. ამ ხელისუფლებას, რომელიც ტყიბულის დაქცევასა და განადგურებაშია მხილებული, რაში სჭირდება ისეთი პოლიტიკური კონკურენტი, რომელიც რამე დანაშაულში არ არის შემჩნეული? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ტყიბულში ჩემი გამარჯვება მათი კანდიდატის – პალიკო კუბლაშვილის, მხილებას ნიშნავს იმ კორუფციულ საქმიანობაში, რომლის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. ელისო ჩაფიძე არ არის მხილებული ტყიბულში შახტების გაყიდვაში, ხეტყის გაჩეხა-გაჩანაგებასა და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურებაში. კუბლაშვილს კი დეპუტატობა იმისთვისაც სჭირდება, რომ შეინარჩუნოს ქონება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნისას დააგროვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ კლანს იმდენი არ უშოვია, რამდენიც იშოვეს ძმებმა კუბლაშვილებმა მიხეილ სააკაშვილის დახმარებით“, – განაგრძობს რესპონდენტი.

ხელთ მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი, ეს მასალა უკვე გადავეცით რამდენიმე საელჩოს და კიდევ ვაპირებ, გავაცნო ის ქართველ საზოგადოებრიობას“, – ამბობს ჩაფიძე.