სამართალი
ომბუდსმენი პროკურატურისგან გამომძიებლის მოქმედებების შეფასებას ითხოვს

1-tuguSi-samaaartaa1თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა  განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 31 მაისს მას განცხადებით მიმართეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის ადვოკატებმა. განცხადებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროკურორო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და გამომძიებელ ილია ყუფუნიას წარმოებაშია.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად ომბუდსმენის ოფისმა დაადგინა, რომ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთავარი გამომძიებლის – ილია ყუფუნიას, მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2012 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გამოცხადდა გამომძიებელი ილია ყუფუნია, რომელიც აპირებდა ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას. ბრალდებულმა მოითხოვა ადვოკატის დახმარება, რათა უკეთ გარკვეულიყო შექმნილ ვითარებაში. გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში მივიდა პროკურორი გენადი ბაღდასაროვი, რომელმაც სცადა ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა. ბრალდებულმა ისევ მოითხოვა ადვოკატის დახმარება, თუმცა – ამჯერადაც უშედეგოდ.

ომბუდსმენის ცნობით, ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება პროკურორ გენადი ბაღდასაროვის მიერ 2012 წლის 4 აპრილს შედგენილი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს გამომძიებელი ილია ყუფუნიაც, და თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 2012 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმით.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების წაყენების დროს ბრალდებული ითხოვდა ადვოკატის დახმარებას, რაც გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა.

„თუ ბრალდებულს სურს ადვოკატის აყვანა და მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეში, ეს მისი კანონიერი უფლებაა და ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ცენტრალური ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, ამ უფლებაზე განხორციელებული შეზღუდვა უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს. შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და არსებით საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეფექტიანი დაცვის არსს“, – მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი.

ომბუდმენის ოფისის განცხადებით, ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა სურვილი, ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას დასწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, სახეზე არ იყო უფლების შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობა, მაგრამ გამომძიებელმა არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის დროს ბრალდებულს არ მისცა საშუალება, მოეწვია ადვოკატი, მიუხედავად ამ უკანასკნელის ღიად დაფიქსირებული ნებისა. შესაბამისად, დაარღვია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, გამომძიებელი თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით.