მისი თქმით, საქართველოდან მიგრირებულ აზერბაიჯანელებს სამუშაოსთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ, რადგანაც მათ, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, მუშაობის უფლების მოსაპოვებლად წელიწადში 1100 აზერბაიჯანული მანათი უნდა გადაიხადონ. ამას გარდა, ბიუჯეტში ფულის შეტანა დამსაქმებელსაც ეკისრება, წელიწადში მათ 3 ათასი აზერბაიჯანული მანათის გადახდა უწევთ. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მიგრანტს 400 აზერბაიჯანული მანათის გადახდა და დეპორტაცია ემუქრება.
რამაზანლის განცხადებით, საქართველოდან წამოსულ აზერბაიჯანელებს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურში მათი აყვანის შემთხვევაში დამსაქმებელსაც უწევს თანხის გადახდა, მიგრანტები სამუშაოს ვერ პოულობენ.
როგორც არასამთავრობოში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტებმა საქართველო ჯერ კიდევ 90-იანებში დატოვეს, მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ მიუღიათ. მართალია, ზოგიერთ მათგანს მიეცა აზერბაიჯანში დროებით ან სამუდამოდ ცხოვრების უფლება, მაგრამ მათ მოქალაქეობა ამ შემთხვევაშიც არ მიუღიათ.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, აზერბაიჯანის ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის მიზეზი საქართველოდან აზერბაიჯანში მასობრივი მიგრაციის შეჩერებაა.