პოლიტიკა
ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

1-alasan-ppolitika1თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. „ჩვენი საქართველო – თავისუფელი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ალასანიას კანდიდატურა გუშინ ზუგდიდელებთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად წარადგინა, რომლის დროსაც მან ყურადღება გაამახვილა ალასანიას ბიოგრაფიაში აფხაზეთთან არსებულ კავშირებზე და განაცხადა, რომ მისი ჩარევით შესაძლებელია აფხაზებთან ურთიერთობათა ხიდების აღდგენა. ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ალასანია იმდენად გამოცდილი, ერთგული და წესიერი ადამიანია, რომ იგი მას უყოყმანოდ მიანდობდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც ქართული მასმედია უკვე ალაპარაკდა, რომ ივანიშვილი ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს.

ალასანია, რომელმაც 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 19,06%-ით მეორე შედეგი აჩვენა, ბოლო თვეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში კოალიციის კამპანიას უძღვებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან. ბოლო პერიოდში მედია წერდა, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი – როლანდ ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიასა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას მამა განიხილებოდა. მმართველი პარტიის ცნობით, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის თაობაზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ალასანია კოალიციაში შემავალი სუბიექტების უკვე მეოთხე ლიდერია, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა. „რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს მაჟორიტარად, ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე საჩხერეშია წარდგენილი, ხოლო კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური რუსთავის მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოლებს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 მაჟორიტარული ოლქიდან კოალიციას ჯერ კიდევ დარჩა წარსადგენი კანდიდატები ახალქალაქის, ნინოწმინდას, მარნეულისა და ცაგერის მაჟორიტარულ ოლქებში.

ამავე დროს, 14 აგვისტოს კოალიციამ ცესკოში ოფიციალური განაცხადი შეიტანა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ დარეგისტრირების თაობაზე. ამ ექვსსუბიექტიანი გაერთიანების წევრები იქნებიან: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“,  „კონსერვატორები“ და „მრეწველები“.

კანონის თანახმად, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.