აქტუალური
ცესკოს განმარტებები საარჩევნო სიების შესახებ

1-cesko-aqtualuri3თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. ცესკო კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ალასანიას პასუხობს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო სიების გადაცემის მოთხოვნით ცესკოსა და სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას მხოლოდ გუშინ მიმართა.

ასეთი განმარტება  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი ალასანიამ დიპლომატებს განუცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ცესკომ ამომრჩეველთა გადამოწმებული სიები არ მიაწოდა.

„პარტიამ  საარჩევნო ოლქებად და უბნებად დაყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადაცემა მოითხოვა, – ამბობს აზარაშვილი, – ცესკოს კი პასუხის გასაცემად 2-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ჯერ ამოწურული არ არის“.

აზარაშვილი სიების შესახებ შექმნილ გარემოებასაც განმარტავს. „12 აგვისტო იყო ბოლო ვადა, როდესაც საარჩევნო ოლქებს უბნების საზღვრები უნდა დაეზუსტებინათ. მაგრამ ოლქების მიერ დადგენილი უბნების საზღვრები გაასაჩივრეს და, შესაბამისად, სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, მანამდე უბნების საზღვრების საბოლოო სახე ფიზიკურად არ გვექნება. ამიტომ „რესპუბლიკურ პარტიას”, რა თქმა უნდა, საარჩევნო უბნებად დაყოფილ სიას ვერ მივაწვდით, მაგრამ ოლქებად დაყოფილ ამომრჩეველთა ერთიან სიას კანონით დადგენილ ვადაში გადავცემთ“, – აღნიშნავს ეკა აზარაშვილი.

რაც შეეხება სიის გამოქვეყნების საკითხს, როგორც აზარაშვილი განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 34 დღისა, როდესაც საუბნო-საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომები იმართება, საუბნო კომისიებს უბნებად დაყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სია გადაცემული უნდა ჰქონდეთ. ისინი სიის საჯარო ვერსიას საარჩევნო უბნის კედლებზე აკრავენ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – აღნიშნავს აზარაშვილი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართვამდე კი ცესკოში სიების გადაცემის მოთხოვნით ჯონდი ბაღათურიას „ქართულმა დასმა“ შეიტანა განცხადება. „ჯონდი ბაღათურიასთვის გადასაცემი მასალები მომზადებული გვაქვს, რომელსაც ოლქებად დაყოფილი სიის ელექტრონული ვერსია ერთვის. როდესაც უბნების საზღვრები საბოლოოდ დადგინდება, მას ამ ტიპის სიასაც გადავცემთ“, – აღნიშნავს ეკა აზარაშვილი.