თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, მმართველი პარტია დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზების ხარჯებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს პარტიის ფონდიდან სრულად აუნაზღაურებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და მოხალისეების გარდა სხვა პირებიც ესწრებოდნენ, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიების ნაწილი იყო.„12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულის გამო პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე ვგეგმავდით. ღონისძიების გამართვა დილის 10.00 საათიდან 12.30 საათამდე იყო დაგეგმილი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი კი ღონისძიებების ჩატარებას 13.00 საათიდან აპირებდა, – ნათქვამია განცხადებაში. – სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება დაგეგმილ დროს ვერ დასრულდა და ის, დაახლოებით, 14.00 საათამდე გაგრძელდა. შესაბამისად, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში ჩვენი პარტიული ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობდა“.
განცხადების თანახმად, ამ საკითხზე საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც მიმართა კითხვებით.
პარტია აცხადებს, რომ მისი ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაღებული და ეს საჯარო ინფორმაციაა.