პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

1-dipworp-politika1თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, გოგი თოფაძე, დავით საგანელიძე, მანანა კობახიძე და სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ დიპლომატებს წარუდგინეს კონკრეტული ფაქტები, სადაც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლის მცდელობები.

„კუდი და შსს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ თავის სადაზვერვო საშუალებებს იყენებს. კუდის თანამშრომლები კოალიციის წევრებს საზღვარგარეთაც დაჰყვებოდნენ და ისინი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ეს დასავლურ პრესაშიც დაიწერა“, – ამბობს ირაკლი ალასანია.

როგორც ალასანია დასძენს, დიპლომატებს მათ იმ ჯარიმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და პოლიტიკურ პარტიებს დაეკისრათ. ალასანიას თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციისთვის სასუნთქი სივრცე დახურა.

„შევთანხმდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მთელ საარჩევნო კამპანიასა და ხმების დათვლის პროცესს ყურადღებით დააკვირდება“, – აცხადებს ალასანია.

როგორც ალასანია ამბობს, დიპლომატები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ მიაწოდა ცესკომ კოალიციას გადამოწმებული სიები. ალასანიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს სიების გადაცემის მოთხოვნით მიმართა.

მისივე თქმით, სიების საკითხზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი დავით საგანელიძე პრესკონფერენციას გამართავს.