სამართალი
„მოქალაქეთა დაჯარიმებები - ეს პოლიტიკური დევნაა“

1-jarimebi-samarTali2თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმებას პოლიტიკური ნიშნით დევნის მცდელობად აფასებს.

მაია ფანჯიკიძე ტრადიციულ ბრიფინგზე საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც, კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახი კალაძეს აუდიტის სამსახურის დადგენილების საფუძველზე მორიგი ჯარიმა დაეკისრათ.

მაია ფანჯიკიძემ პოლიტიკური პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულობების გამო დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი.

„მმართველი გუნდი და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არ მიეცეთ პოლიტიკური აქტიურობის საშუალება“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.