საზოგადოება
ივანიშვილი და კალაძე მზად არიან, გადაიხადონ ახალი ჯარიმები, ოღონდ სტიქიით დაზარალებულთა კომპენსირებისთვის

1-kompensacia-sazogadoeba2თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მზად არიან, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სრული კომპენსირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ. ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

„ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის დაეწყო კომპენსაციების გაცემა. არც კახეთის რეგიონში, არც სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში არავის მიუღია კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ბიუჯეტში დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი გაჩნდა“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს თანხა დაზარალებულთათვის სრული კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, რომელთაც ახალი ჯარიმები აქვთ დაკისრებული, ამ თემას კვლავ გადახედავენ.

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, ახსნას ხელისუფლებამ, რატომ არ ურიგებს მოსახლეობას იმ თანხებს, რომელიც ეკუთვნით. რატომ ჭიანურდება ეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ სახსრები ბიუჯეტში უკვე არსებობს. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თანხა არასაკმარისია იმისათვის, რომ დაზარალებულთა სრული კომპენსაცია მოხდეს, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, რომელთაც ახალი ჯარიმები აქვთ დაკისრებული, ამ თემას კიდევ ერთხელ გადახედავენ და შეიძლება 80 მილიონ ლარს კიდევ უფრო მეტი დაემატოს. მთავარი არის ის, რომ კახეთის მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდეს ზარალი, რომელიც მიიღო“, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე კახი კალაძე – 16 944 900, ბიძინა ივანიშვილი კი – 20 243 827 ლარით დააჯარიმა.