თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავის მერიისაგან ორგზის მიღებული უარის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციას ჟიული შარტავას მოედანზე გამართავს.
კოალიციამ უარი განაცხადა, აქცია რუსთავის მერიის მიერ შემოთავაზებულ ტერიტორიაზე – მეგობრობის მოედანზე – ჩაატაროს. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, უკვე დაწყებულია სარეკლამო და სააგიტაციო მასალების ბეჭდვა, რომლებზეც აქციის გამართვის ადგილად ჟიული შარტავას მოედანია მითითებული.„2 კვირის წინ იმიტომ შევიტანეთ განაცხადი, რომ აქციისთვის მომზადებას გარკვეული პროცედურები ახლავს. მე მინდა, უმორჩილესად ვთხოვო რუსთავის მერიას, დადგეს იქ, სადაც იქნება რუსთაველი ხალხი და დაგვეხმაროს აქციის დროს პოლიციით და შესაბამისი სამსახურებით მობილიზებაში“, – განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერია მზადაა, „ქართული ოცნების“ აქციისათვის მეგობრობის მოედანზე მემორიალის მშენებლობა 2 დღით შეაჩეროს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ჩატარდება, რუსთავის მერია პასუხიმგებლობას მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
ძიძიგურის თქმით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კოალიციას არ გააჩნია ვალდებულება, წინასაარჩევნო შეხვედრის თაობაზე მერიისგან ნებართვა აიღოს. ძიძიგურის თქმით, ისინი მხოლოდ ვალდებულები არიან, მერიას აქციის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია მიაწოდონ.
„მე მინდა, მოვუწოდო რუსთავის მერიას, დაგვეხმარონ ამ შეხვედრის მოწყობაში, რათა მობილიზებული იყოს პოლიცია, სასწრაფო დახმარება, სახანძრო და ა.შ.“ – ამბობს ძიძიგური.
ცნობისათვის: ადრე ქალაქის მუნიციპალიტეტი აცხადებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად დაუთმობდა მეგობრობის მოედანს, გუშინ კი საქართველოს ტელევიზიით ქალაქ რუსთავის მერიამ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის, თუ აქცია მაინც ჩატარდება შარტავას მოედანზე და არა მეგობრობის მოედანზე. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსთავის აქციის დროს შესაძლებელია შეტაკება მოხდეს მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებთან.