თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა, შეცვალა რა ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ დანიშნული დიმიტრი გვინდაძე; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა მმართველი პარტიის დეპუტატმა ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა.
ამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 აგვისტოს განაცხადა და დასძინა, რომ ყოფილ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს ახალ ძალიან საინტერესო თანამდებობას უმზადებენ, რაზეც განცხადება ორ დღეში გაკეთდება.მისი თქმით, ის, რომ საქართველოში არავის არ აწუხებს უდენობის პრობლემა, ხეთაგურის დამსახურებაა და ამიტომ გადაწყვიტა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე – ფინანსთა მინისტრად მისი დანიშვნა.
ცნობისათვის: ალექსანდრე ხეთაგური ენერგეტიკის სექტორს 2007 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.
მერაბიშვილის თქმით, დალაგებული ენერგეტიკის საქმე ჩაბარდება ვახტანგ ბალავაძეს, რომელსაც მან ახალგაზრდა პარტიული ლიდერი უწოდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ბალავაძე ამ დრომდე რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ეს საკადრო ცვლილებები ივლისის დასაწყისში პარლამენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრისა და მისი განახლებული კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განხორციელდა.
ცნობისათვის: ორი მინისტრის შეცლას პარლამენტის მიერ დამტკიცება არ ესაჭიროება.