სამართალი
კალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

1-kala-samarTali3თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. კახი კალაძის ადვოკატებმა გუშინ სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, აღნიშნული საჩივრით კახი კალაძის დაჯარიმებისა და მისი უძრავ-მოძრავო ქონების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, მათი სარჩელი 48 საათში განიხილოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე 10 აგვისტოს კახი კალაძე 16 944 900 ლარით დააჯარიმა.

აუდიტის სამსახური მისგან პირადი საბანკო ანგარიშიდან გატანილი 3.388.992 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა, რაზეც კალაძემ უარი განაცხადა.

გარდა ამისა, კალაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკუთარი ანგარიშებიდან ნაღდი ფულის მოხსნისა და მისი ხარჯვის დაუსაბუთებლობის მიზეზით, აგრეთვე, იმის გამო, რომ არ დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და ნაღდი ფულის სახით საკუთარი ანგარიშიდან გატანილი თანხა ანგარიშზე არ დააბრუნა, უძრავ-მოძრავი ქონებაც დაუყადაღდა.

საუბარია კომპანიებზე – „მაქს ბეტი“, „კალა კაპიტალი“, ასევე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებზე.

ასევე, სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოში კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.