სამართალი
ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა უკვე მეორედ დაეკისრა

1-jarima-samarTali2თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 20,2 მილიონი ლარის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ეს უკვე მეორე მრავალმილიონიანი ჯარიმაა, რომელიც მილიარდერ ოპოზიციურ პოლიტიკოსს ორი თვის განმავლობაში დაეკისრა.

ივანიშვილი ერთხელ უკვე დაჯარიმდა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის გამო; ივნისში მას 74,32 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის გადახდაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, რასაც საქართველოში მისი საბანკო აქტივების დაყადაღება მოჰყვა. ივლისში მან „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი (დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5 202 754.60 ლარი) და განაცხადა, რომ მან ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გააკეთა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 5,5 მილიონი ლარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან წელს გაიტანა, შესაძლოა უკანონოდ ყოფილიყო გამოყენებული მისი და კოალიციის პოლიტიკური საქმიანობისთვის. აუდიტის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი გონივრული ეჭვი გამოიწვია ივანიშვილის უარმა დახარჯული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარმოედგინა და ასევე იმ ფაქტმა, რომ თანხის განაღდება დაემთხვა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობების რიცხვის ზრდას. თუმცა, მტკიცებულებებში ბანკიდან თანხების განკარგვის შესახებ ამონაწერის ხელახალი გადათვლის საფუძველზე სასამართლომ სადავო თანხად 4,04 მილიონი ლარი მიიჩნია, რისი ხუთმაგი ოდენობის ჯარიმაც დააკისრა ბიძინა ივანიშვილს.

ჯარიმის ამ ოდენობის დაანგარიშება კანონის შესაბამისი პუნქტის ფარგლებში ხდება, რომლის თანახმადაც, ფინანსური ჯარიმა სადავო თანხის ხუთმაგ ოდენობას უნდა შეადგენდეს.

10 აგვისტოს ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ყოფილ ფეხბურთელთან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა კალაძესთან მიმართებაში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 16,9 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

ივანიშვილისა და კალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები აბსურდულია. მათი თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებებს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საქმის მოგების იმედი არ აქვთ და სასამართლო სისტემას ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარის მტკიცებულებებს არ ეფუძნება. მათ, ასევე, განაცხადეს, რომ შემაშფოთებელ ტენდენციას აქვს ადგილი, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცდილობს მტკიცების ტვირთი კერძო პირზე გადაიტანოს ნაცვლად იმისა, რომ თავად ეცადოს საკმარისი მტკიცებულების წარდგენას საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად.