თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, გააძლიერონ ლოცვა, რათა საარჩევნო პერიოდმა მშვიდობით განვლოს.
როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, საქართველოში ახლა რთული პერიოდია, ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება.
„გთხოვთ, გააძლიეროთ ლოცვა, რომ მშვიდობით განვლოს ამ პერიოდმა და ერმა აირჩიოს ის, ვინც სათნო არის წინაშე ღვთისა“, – ბრძანა უწმიდესმა.კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებაში საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ეს ყველაზე რთული მოვლენაა.
„ძველი რომაელები მუდმივად ამბობდნენ: „შეიცანი თავი შენი“. აუცილებელია საკუთარ თავსა და გონებაში ჩაღრმავება. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, ვინ არის იგი, რისთვის მოვიდა, ვისი ნებით მივიდა და სად მიდის“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა. მან დასძინა, რომ საზოგადოება დღეს ამ საკითხს ზერელედ ეკიდება.
როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, საკუთარი თავის შეცნობა ურთულესი საკითხია, რადგან ადამიანის ფიზიკური სამყარო მეტისმეტად რთულია.
„მედიცინაში არის დარგები – ფსიქოლოგია და ფსიქიატრია, საიდან მოდიან ისინი, არავინ იცის. ფსიქიკური პრობლემები ეს სულიერი მოვლენებია და ჩვენ ყოველდღე უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ არ გვაკლებს წყალობას. ხშირია, როდესაც ადამიანი არაფრით კმაყოფილდება და ეს არ შეიძლება. აუცილებელია ყოველთვის კარგად ვიცოდეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით და სად მივდივართ“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.