თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის წევრობის კანდიდატად დასახელებული პირები თანამდებობებიდან 14 აგვისტომდე უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისი ვადა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია გაწერილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკის მიხედვით, თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი მათ შესაბამის საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინონ.„არჩევნებამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი, საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები“, – ნათქვამია საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში.
რაც შეეხება მიმდინარე კვირის სხვა რიცხვებში გაწერილ გრაფიკს, 15 აგვისტოს პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ სუბიექტებს არ წარმოადგენენ, ცესკოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი, სულ ცოტა, 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%) ამომრჩევლის სია, ხოლო კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, მხარდამჭერთა 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინოს.
„პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილება მისი წარდგენიდან 10 დღეში“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში გაწერილია გარკვეული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაც.