აქტუალური
„ეს შენ გეხება“ წინასაარჩევნო უთანასწორო გარემოს თაობაზე

1-garemo-aqtualuri2თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფო ორგანოები მეტისმეტად მიკერძოებულად მოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

განცხადების თანახმად, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ.

„ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასში, ასევე, ნათქვამია, რომ რამდენიმე ბრალდება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და უკანონო პარტიული შემოწირულობების თაობაზე შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.

„ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ თავისი საქმიანობის დასაწყისში ფინანსური მონიტორინგის სამსახური ცდილობდა, საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა.

„თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არ აქვს ადგილი“, – აცხადებს ჯგუფი და დასძენს, რომ  მმართველი პარტიის მიმართ მიღებულია მცირე მასშტაბის არაადეკვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები.

„ეს გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ კანონმდებლობის ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულება“, –  ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში.

შემდეგ, ჯგუფს განცხადებაში მაგალითად მოჰყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო საქმე ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი ფეხბურთელის – კახა კალაძის, წინააღმდეგ, როდესაც აუდიტის სამსახურმა ორივე მათგანს საკუთარი ანგარიშებიდან წელს გამოტანილი რამდენიმე მილიონი ნაღდი ფულის დაბრუნება მოსთხოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ კალაძემ და ივანიშვილმა უარი განაცხადეს, გამოტანილი თანხის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარედგინათ, რამაც საფუძლიანი ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ფული პოლიტიკური საქმიანობისთვის იქნა გამოყენებული, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით.  შედეგად, კალაძეს – 16,9 მილიონი ლარის, ივანიშვილს კი 20,2 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრათ.

„ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ კალაძისა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამგვარი ქმედებებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის კომპეტენციას გასცდა.  მან, ასევე, განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებებში გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც, რაც სრულიად მიუღებელი პრეცედენტია.

„იმ პირობებში კი, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო ვერ ახერხებს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, რომ ამტკიცოს საკუთარი მოქმედების კანონიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა, ასევე, განაცხადა, რომ სასამართლოც ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს დავის სამართლიანად და მიუკერძოებლად მოგვარების თაობაზე.

„მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა, – განაცხადა ჯგუფმა. –

სამწუხაროად, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას. ამის ნაცვლად, ადგილი აქვს მის შერჩევით გამოყენებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს საქართველოში“.

„მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაიშურონ საკუთარი ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს“, – ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში.