პოლიტიკა
ოპოზიცია რიჩარდ ლუგარს ემადლიერება საქართველოს მხარდაჭერისათვის

1-opozic-politika1თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დახურულ კარს მიღმა გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ერთიან საქართველოს გულშემატკივრობს.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ამ არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს ერთი პარტიის დომინირება, რაც საქართველოს ამერიკელ მეგობრებსაც კარგად ესმით.

„ეს გვესმის ჩვენ ყველას, ვინც ერკვევა ქართულ პოლიტიკაში და ეს კარგად ესმით ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ერთიან საქართველოს. ასეთია სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოშიც იყო ჩამოსული საქართველოს მხარდასაჭერად, ამისთვის ჩვენ მისი მადლიერი ვართ. დღესაც ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებს ქართულ არჩევნებზე. იმედია, ეს გაგრძელდება და ისინი პოზიტიურ როლს შეასრულებენ ჩვენს საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ირაკლი ალასანიას ინფორმაციით კი, ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგზეც გაკეთდება, თუმცა მთავარი მაინც ხმის დათვლის პროცედურაზე დაკვირვება იქნება.

„ყველას კარგად ესმის, რომ ხმის დათვლის პროცესში არ უნდა მოხდეს დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ზუსტად უნდა აისახოს შედეგებზე. ვისაუბრეთ რუსეთის ოკუპაციაზეც და იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საქართველოში ყველა წრის წარმომადგენელს ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.

„მონოპოლიებმა უნდა დატოვონ ქართული პოლიტიკაც, მედიაც და ბიზნესიც. ამაში სენატორ რიჩარდ ლუგარის მხრიდან სრული მხარდაჭერაა. სენატორი ემხრობა იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხმები სწორად დაითვალონ“, – აღნიშნა ალასანიამ.