საზოგადოება
დიდგორობის სახალხო დღესასწაული

1-didgor-sazogado1თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გუშინ დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. დიდგორის ველზე ზეიმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ გამარჯვების საწინდარია ერთობა, თავდადება და რეფორმირება.

ცნობისათვის: ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ სწორედ დიდგორის ველზე თბილისის მისადგომებთან, 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.

სხვადასხვა ცნობის მიხედვით, მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა 500-600 ათასამდე მერყეობდა, დავით IV განკარგულებაში კი 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასიყივჩა, 500 ოსი და 100 ჯვაროსანი.

უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ამ ბრძოლას ჟამთააღმწერლებმა ძლევაი საკვირველი უწოდეს.

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, ერთი მხრივ, მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა; მეორე მხრივ, გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ოქროს ხანას.