სამართალი
ომბუდსმენი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს შეისწავლის

1-sasjelaRsr-samarTali3თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის №11 არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, ომბუდსმენის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ და გაესაუბრნენ როგორც იქ მყოფ მსჯავრდებულებს, ისე სხვა საპატიმროებში გადაყვანილ არასრულწლოვანებსაც. სახალხო დამცველი ფაქტზე ვრცელ დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით,  8 აგვისტოს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ზოგიერთმა  მსჯავრდებულმა  დადგენილი დღის წესრიგი უხეშად დაარღვია, რამაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია.

სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არცერთი მსჯავრდებული არ დაზარალებულა. ამ დროისათვის ისინი სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადანაწილებულნი.