აქტუალური
სახაუდიტი ივანიშვილსა და კალაძეს გამოტანილი თანხის საკუთარ ანგარიშებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

1-daabrune-aqtualur3თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური (სახაუდიტი)ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძისაგან საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან წლის განმავლობაში ნაღდი ფულის სახით გამოტანილი თანხების დაბრუნებას ითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ 2012 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან „ბანკ ქართუში“ ნაღდი ფულის სახით გატანილ იქნა 2 918 500 აშშ დოლარი, 735.189 ლარი და 700 ევრო.

მისივე თქმით, კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში, საკუთარი ანგარიშებიდან 3 338 992 ლარი გაიტანა ნაღდი ფულის სახით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ვინაიდან ივანიშვილსაც და კალაძესაც  „საჯაროდ განცხადებული საარჩევნო მიზნები“ აქვთ, მათზე ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგი და სწორედ ამიტომ მათ მოეთხოვათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა ამ თანხით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს ხელისუფლებამ კალაძეს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

„მოთხოვნა, რომ დააბრუნონ პირებმა თავიანთი ანგარიშებიდან გატანილი თანხები, არის ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებული. არ არსებობს კანონი და არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც დაავალდებულებს პირს... აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა“, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ.