საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისია ურჩევს, სახელმწიფო სტრუქტურებმა შეწყვიტონ ვიდეორგოლების ჩვენება ტელეეთერში

1-uwyebaTaSorisi-sazogadoebთბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკვეთით მომზადებული ვიდეორგოლების განთავსება იმ მოტივით, რომ ისინი შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელმწიფო ინსტიტუტების დაკვეთით და „სოციალური რეკლამების“ სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და, ფაქტობრივად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გასულ პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენს.

„ბევრი მათგანი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებასა და სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებასთან“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას საკითხის შესწავლისა და მასზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მიერ 9 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში“ არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი ფიგურირებს, სახელმწიფო სტრუქტურებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეწყვიტონ იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული.

ასევე, 9 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც „ინფო-9“-ის ჟურნალისტებს უცნობი პირები ვიდეოკამერებით დაჰყვებიან და ჟურნალისტურ მუშაობაში ხელს უშლიან.

„მართალია, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეკითხვები საკუთარ კოლეგებსაც დაუსვან და კრიტიკულად შეაფასონ მათი აფილაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან თუ შეხედულებასთან, მაგრამ ამან ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟის სახე არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა კომისიამ.