საზოგადოება
„ქართულ ოცნებას“ რუსთავის მერიის წინ და მეგობრობის ქუჩაზე აქციის ჩატარებაზე უარი ეთქვა

1rusTavi-saz1თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავის მერიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 19 აგვისტოს რუსთავის მერიის წინ აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. მერიამ კოალიციას ალტერნატიულ ადგილზე – მეგობრობის №1-ზეც – უარი უთხრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ვახტანგ ყაველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთ შემთხვევაში რუსთავის მერიამ მიზეზად 18-19 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებები დაასახელა, მეორე შემთხვევაში კი – სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

თუმცა, როგორც ყაველაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ განცხადებამდე მერიის წინ არანაირი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი.

კოალიციის წევრის თქმით, მათ კიდევ ერთი გაფრთხილება შეიტანეს რუსთავის მერიაში და აქციის ჩატარება ახლა უკვე  შარტავას მოედანზე მოითხოვეს.

დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნა, კოალიციის წევრები უახლოეს დღეებში შეიტყობენ.