თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელიც გუშინ მისმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა. საქინფორმი მკითხველს განცხადების ტექსტს უცვლელად სთავაზობს:
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგახსენოთ, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დღეისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა.„დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი გახლავთ №8. პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა მიერ შეგროვებულ იქნა 35 ათასზე მეტი ხელმოწერა. შესაბამისად, „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით და ვიქნებით თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული რეალობა სხვაგვარია.
საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა უმძიმესი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება. ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიტიზებული პოლიცია და „ზონდერბრიგადები“, მოსახლეობის მუდმივი დატერორება და დაშინება, პოლიტიკური კონკურენტების დევნა, მართული მედიასაშუალებებით ტყუილისა და ცილისწამების პროპაგანდა რეალური ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, ობიექტური მედიასაშუალებებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა, ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა, დარეკეტებული ბიზნესი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისათვის – ეს არის ქვეყანაში შექმნილი რეალური წინასაარჩევნო გარემო და ცხადია, ასეთ გარემოში შეუძლებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
დიახ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დიდი ხანია, დაწყებული აქვს. მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების პერიოდული გამოქვეყნებით ახლა მიმდინარეობს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინასწარი შეგუება „ნაციონალური მოძრაობის“ „გარდაუვალ გამარჯვებასთან“. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ პროგნოზი იმის შესახებ, რომ არსებული ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და, შესაბამისად, არ დაუშვებს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ამჯერადაც მართლდება, რასაც პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამონათქვამებიც ადასტურებს. პრეზიდენტისა, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებების გარანტი ყოფილიყო, ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამყაროს მის მიერ შექმნილი მოდერნიზებული ბოლშევიზმი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი გზა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაა. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების უმრავლესობით მოსვლა და სისტემური ცვლილებების უზრუნველყოფა ავტოკრატიული რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟის მიზნით. სწორედ ამ შედეგს ელის დღეს საქართველოს მოსახლეობის, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და მეგობარ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი.
ჩვენი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით. ამიტომ არაერთხელ გამოვედით საჯაროდ ამ ინიციატივით. გამარჯვებისათვის აუცილებელი ერთობის მისაღწევად ჩვენმა პარტიამ, რომელმაც ყველაზე მძიმე და უსამართლო ტერორი გადაიტანა, უარიც კი განაცხადა საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე. სამწუხაროდ, ერთიანი ფრონტის შექმნის იდეამ გამოხმაურება და განხორციელება ვერ პოვა. საზოგადოების მოთხოვნა იყო ერთობა ან, როგორც მინიმუმ, ერთმანეთისათვის ხელის შეშლაზე უარის თქმა. ერთობა ვერ შედგა. ოპოზიციამ, ასევე, ვერ მოახერხა შეთანხმება ელემენტარულ კოორდინირებულ მოქმედებებზე, რათა ორი ფრონტით მაინც გვებრძოლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომ არ დაკარგულიყო არცერთი ოპოზიციური ხმა.
მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიციისა და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი, არჩევნებში დაამარცხოს არსებული რეჟიმი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას. ჩვენ ამ ეტაპზეც უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა არ შევუწყოთ ხელი ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისათვის ხმების წართმევას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის, პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს. მით უფრო, არ გულისხმობს „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ ბრძოლის შეწყვეტას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ 1 ოქტომბერს აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ არსებული რეჟიმის დამარცხებას. არ მისცენ ხელისუფლებას საკუთარი პასიურობით ხმებით მანიპულირების საშუალება. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ხალხის მოთხოვნა და მოლოდინი.
საქართველოს მოქალაქემ დღევანდელი რეჟიმის პირობებში საკუთარი უსაფრთხოებისა და რისკის ფასად უნდა მისცეს ხმა რეალურ ოპოზიციას. ამიტომ საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს და ელის ამ ხმების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას.
ჩვენ, ასევე, მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უცხოელ დამკვირვებლებს: მათ ამ არჩევნებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად მიეცეს შეფასება კონკრეტულ დარღვევებს და არა რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ წარმატებას უსურვებს რეალურ ოპოზიციას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“.
ცნობისათვის: ხელისუფლებისა და არჩევნებში მონაწილე პარტიათა მხრიდან „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ამ განცხადებაზე კომენტარები ამ ეტაპზე არ არის.