პოლიტიკა
„საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100% ექს-პრემიერ გილაურს გადაეცა, რომელიც მერე რუსეთს მიჰყიდის?

1-rkinigza-politika1თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. ამიერიდან „საქართველოს რკინიგზის“ აქციებს ექს-პრემიერი ნიკოლოზ გილაური განკარგავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №326 დადგენილების თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ინვესტირება ფონდის კაპიტალში მოხდება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ფონდის კაპიტალში ინვესტირება.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ნიკოლოზ გილაური დაინიშნა. თავად სს „საპარტნიორო ფონდი“ კი 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.

როგორც ადრე იტყობინებოდა საქინფორმი, 2012 წლის მაისში „საქართველოს რკინიგზა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აპირებდა აქციათა 25%-ის განთავსებას, თუმცა გადაიდო „ბაზრის არახელსაყრელი კონიუნქტურის“ გამო (სინამდვილეში, კულუარული ინფორმაციით, მაშინ საქართველოს მთავრობას შეეშინდა, რომ ბირჟაზე აქციებს იყიდიდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი – პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი პოლიტიკური მეტოქე).

საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო,  ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ავტომატურად არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და, ასევე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ცნობისათვის: „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელს ნაწილს. საქართველოს რკინიგზის ხაზის საექსპლუატაციო სიგრძეა 1321 კმ, სისტემაში შედის 45 გვირაბი, 1714 ხიდი, საბორნე გადასასვლელები რუსეთსა და უკრაინასთან.