სამართალი
„ელიტა ბურჯის“ იურისტს 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

1-nikuraZe-samarTaa2თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე სამართალდამრღვევ პირად გაასამართლეს და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ნიკურაძის ადვოკატ ალა კახნიაურის თქმით, ბრალდება, რომელიც სასამართლომ  ნიკურაძეს წაუყენა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. „ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მივმართავთ შესაბამის ორგანიზაციებს, დიდი იმედი არ მაქვს, რომ სასამართლო რეაგირებას მოახდენს, თუმცა ჩვენ ყველა ეტაპს გავივლით“, – აღნიშნა კახნიაურმა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა კახნიაური აღნიშნავს, რომ ნიკურაძეს სამართალდამცავებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.