სამართალი
სახალხო დამცველის მიმართვა მელიქ რაისიანის საქმესთან დაკავშირებით

1-damcveli-samarTa1თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ   გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის მიერ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მელიქ რაისიანისა და მისი ადვოკატის – თეიმურაზ კუტივაძის, ბრალდების მხარისაგან მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის მიღების კანონიერი უფლების დარღვევას.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, გამომძიებელმა ბრალდებულის ადვოკატ თეიმურაზ კუტივაძეს საქმეში ჩართვის შემდეგ მტკიცებულებათა სრული რაოდენობა არ გადასცა.

„ბრალდებულ რაისიანის ადვოკატის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მისი კლიენტის ბრალეულობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებასა და მისი  ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რისი საშუალებაც მას საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა არ მისცა“, – აცხადებს გიორგი ტუღუში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რადგან, კანონის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომლის  მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების წევრ მელიქ რაისიანს სასამართლოში თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებე. მას დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაისიანს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 ათასი ლარის ჩარიცხვაც მოუწევს.

სასამართლოს გუშინდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, რაისიანი 38 ათასი ლარის სანაცვლოდ მატარაძეს პარლამენტის წევრის ავტორიტეტის გათვალისწინებით მფარველობას და გადასახადების დამალვაში დახმარებას დაჰპირდა.

როგორც რაისიანის ადვოკატმა თეიმურაზ კუტივაძემ განაცხადა, არ არსებობს რაისიანის მიერ ამ თანხის აღების დამადასტურებელი მტკიცებულება. ადვოკატის თქმით, რაისიანი არავის არაფერს დაჰპირებია.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძემ განაცხადა, რაისიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. მისი თქმით, ფაქტი 2007 წელს მოხდა, თუმცა რაისიანი ეჭვმიტანილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მან „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, რაისიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და იძებნება.

მელიქ რაისიანი სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ამასთან, 2004 წელს პარლამენტში იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა. მელიქ რაისიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეცაა აღძრული. კერძოდ, მას „ქართული ოცნებისათვის“ ახალქალაქის ოფისის შეღავათიან ფასად მიქირავებას ედავებიან.