აქტუალური
თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ალპინისტების გადარჩენის გამო ქართველ მაშველებს მადლობას უხდის.
„საქართველოს მაშველთა ჯგუფის მიერ დასრულდა ვერტმფრენებით ევაკუაცია 4 რუსი ალპინისტისგან შემდგარი ჯგუფისა, რომელიც სვანეთის მაღალმთიან რეგიონში საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ქვების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. თბილისში რუსეთის ინტერესების სექციის ცნობით, ჩვენი მოქალაქეების მდგომარება კარგია. მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტური მოქმედების შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სვანეთში, თეთნულდის მთაზე, მყოფი 4 რუსი ალპინისტი გამოიყვანეს. ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ალპინისტი, რომელმაც ფეხი დაიზიანა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.