„თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, იმისათვის, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად პირველ ოქტომბერს გაიმართოს, აუცილებლია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან ზუსტად 16 აგვისტოს გადადგეს.
„კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში არჩევნები 45 დღის ვადაში უნდა გაიმართოს“, – აცხადებს ექსპერტი.
ხმალაძის აზრით, ზემოხსენებულ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, თუმცა მისი განხორციელების ალბათობა თითქმის ნულის ტოლია, რადგან მმართველი გუნდი ამ ნაბიჯით სარგებელს ვერ ნახავს.
„რა მოხდება, თუ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგება და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება? პირველი, მოხდება ის, რომ ის კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში და რომლის შემდეგაც ძალაუფლების თვალსაზრისით რეალურად პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ხდება, ვეღარ ამოქმედდება... ანუ შენარჩუნდება დღევანდელი ვითარება – მთელი ძალაუფლება ერთი კაცის, პრეზიდენტის ხელში“, – გვითხრა ხმალაძემ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ გარანტია არ აქვს იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარების შემთხვევაში, მისი რომელიმე კანდიდატი პრეზიდენტი გახდება. ამას მოწმობს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები.
ექსპერტის განცხადებით, ამ ვერსიის განხორციელების შემთხვევაში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი წამოიწევს წინ.
„სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, რისი შანსიც არცთუ ისე მაღალია. ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ამგვარი რამ მოინდომონ, რადგან ამას თუ არ გააკეთებენ, სულ ცოტა, ერთი წელი, მომავალი წლის ოქტომბრის ბოლომდე, სააკაშვილს გარანტირებული აქვს ის დიდი ძალაუფლება, რაც მას დღეს აქვს“, - ამბობს იგი.
სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვს მის ყოფილ თანაგუნდელს, ამჟამად ოპოზიციონერ დეპუტატ პეტრე მამრაძეს.
„ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არც პრემიერმინისტრობას და არც პარლამენტის თავმჯდომარეობას არ აპირებს. იგი აპირებს, რომ დარჩეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. მერე კი მხოლოდ პარტიის ლიდერი იქნება და თანამდებობას არ დაიკავებს“, – ამბობს მამრაძე ჟურნალისტებთან საუბარში და დასძენს, რომ მისი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უცხოელი, მათ შორის, ამერიკელი დიპლომატებისთვის მიწოდებულ ცნობებს ეფუძნება.
მამრაძის მტკიცებით, ძალაუფლების გადანაწილების სწორედ ამ მოდელის შესახებ ესაუბრებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები უცხოელ პოლიტიკოსებს და ამით ცდილობენ, გააქარწყლონ ყოველგვარი ეჭვი საქართველოს ხელისუფლებაში მედვედევ-პუტინის ფორმულის გამეორების საფრთხის შესახებ.
„თუმცა ამათ რას გაუგებ?! ეს ისეთი გუნდია, რომ დღეში ორჯერ ეცვლებათ გუნება და განწყობა“, – ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ოქტომბერში თუ მოსახლეობა საკუთარ ხმებს დაიცავს და ახალ პარლამენტში სააკაშვილის იმპიჩმენტის საფრთხე რეალურად გაჩნდება, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.