ივანიშვილი: „მე მჯერა, საქართველო შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას!“
თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ატყობინებს, ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: „ოთხი წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. ის უმძიმესი დღეები მაშინ ყველამ ერთად გადავიტანეთ და განვიცადეთ. ომის შედეგები ძალიან ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის – ნგრევა და მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
მინდა, ქედი მოვიხარო იმ გმირების წინაშე, რომლებიც სამშობლოსათვის ბრძოლაში დაეცნენ. მათი ხსოვნა ჩვენი გულებიდან არასოდეს წაიშლება. მინდა, მივუსამძიმრო ომში დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომა გამოვუცხადო მათ. იმავდროულად, მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ სწორად გათვლილი და თანამიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას. ვიცი, ამ გზაზე ბევრი სირთულე გვეღობება, მაგრამ, ამასთან, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. ეს განცხადება კი მინდა, დავასრულო ეროვნული მოძრაობის დროს აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ვოვა ვეკუას სიტყვების პერიფრაზით: მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას ოსი და აფხაზი ხალხის გულებისკენ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვების საწინდარი. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო გაიმარჯვებს!“