სამართალი
თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტ იმედა ნიკურაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაასამართლებენ.
იმედა ნიკურაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ნიკურაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში ჰყავთ დაკავებული.იმედა ნიკურაძის ადვოკატ ალა კახნიაურის განცხადებით, ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან 6 აგვისტოს „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე იურისტის მხრიდან პოლიციელების მიმართ არანაირი ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, და მეტიც, „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები საერთოდ არ იმყოფებოდნენ. როგორც ადვოკატი ამბობს, ამის დამადასტურებელი არგუმენტები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნება და იმედი აქვს, რომ მოსამართლე ამას გაითვალისწინებს და იურისტის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
შეგახსენებთ: იმედა ნიკურაძე 7 აგვისტოს, საღამოს, ორთაჭალაში დააკავეს. „ქართუ მშენებელის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ნიკურაძესთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ჰყვება, რომ დაკავება განხორციელდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ. მათ არ წარმოუდგენიათ შს სამინისტროს დამადასტურებელი საბუთები და, ლილუაშვილის თქმით, შეიძლება ითქვას, იმედა ნიკურაძის დაკავება, ფაქტობრივად, გატაცება იყო.