სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოში მთელ ბიზნესს მთავარი პროკურორი აკონტროლებს!“

1-poti-samartali2თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მთელ ბიზნესს მთავარი პროკურორი აკონტროლებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ფოთში მაჟორიტარ დეპუტატად ეკა ბესელიას კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისას განაცხადა.

„მთავარი პროკურორი ატარებს მონიტორინგს და მთელ ბიზნესს აკონტროლებს. აი, ასეთი მდგომარეობაა საქართველოში. მათ ყველგან ყველაფერი აქვთ აღწერილი, ისიც კი იციან, თუნდაც ბაზრობაზე ვის რამდენი ფული აქვს ჯიბეში. ერთადერთი მიღწევა, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და რაშიც მეც ვეხმარებოდი, ისაა, რომ საბაჟოდან ფულის მობილიზაცია მოახერხეს. არავითარი ისეთი რეფორმა მათ არ განუხორციელებიათ, რომელიც რეალურ ეკონომიკური ზრდას გამოიწვევდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში, ის ქვეყანაში სამართლიანობის განცდას აღადგენს.

„ამას დიდი ინვესტიციები არ სჭირდება. ამასთან, კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბევრი უკანონო პატიმარია. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. როგორ არის უსაფრთხო, როცა კაცმა დილით არ იცის, შესაძლოა, სამსახურში მისული დააპატიმრონ, რადგან შეუძლიათ, ნებისმიერთან მივიდნენ და დაიჭირონ“, – განაცხადა ივანიშვილმა.