აქტუალური
გენერალ-პოლკოვნიკი პოსტნიკოვი: „წვრთნები „კავკაზ 2012“ სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის“

1-wvrTnebi-aqtualuri3თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. სექტემბერში დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ არ უქმნის საფრთხეს სხვა ქვეყნებსა და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს, ის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება და რუსეთის გარეთ განთავსებული შენაერთები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა განაცხადა.

„წვრთნები არ იქნება ფართომასშტაბიანი. მასში 8 ათასამდე ადამიანი, 200 ერთეული სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, დაახლოებით, 100 ერთეული საარტილერიო სისტემა, ათამდე გემი და კატარღა მიიღებს მონაწილეობას; წვრთნების დროს ავიაცია 80-მდე ფრენას განახორციელებს“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები პოსტნიკოვზე დაყრდნობით.

„იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ დამატებითი დაძაბულობა ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობებში, წვრთნების მონაწილეებს შორის არ იქნებიან სომხეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბაზებზე განთავსებული შენაერთები“, – განაცხადა მან.

„მონაწილეთა შორის არ არიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. და თავად წვრთნები „კავკაზ 2012“ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩატარდება“, – დასძინა პოსტნიკოვმა.

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დაგეგმილი წვრთნების გამო და შიშობს, რომ რუსეთი შესაძლოა, შეეცადოს რეგიონში დაძაბულობის გაზრდას და თავისი ძალების განთავსებას, რომელსაც შემდეგ საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა (რუსეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ 2008“ აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაატარა).

წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კავკაზ 2012“-ში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული სამხედრო შენაერთებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კრის სმიტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ 2012“ და დასძინა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება დაშინების უხეში ხერხია.