საზოგადოება
ვანო ჩხარტიშვილი: „ქართველი ემიგრანტები დავუბრუნებთ მეპატრონეებს უკანონოდ წართმეულ ბინებს“

1-Cxart-sazogadoeba1თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივანმა საქინფორმს ბიზნესმენის განცხადება გამოუგზავნა, რომელსაც საქინფორმი მკითხველს უცვლელად სთავაზობს:

„უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულით ხორცამდე შეგვძრა ყველასთვის სათაყვანებელი ჭაბუა ამირეჯიბის გუშინდელმა განცხადებამ. აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. ფეხქვეშ ითელება ადამიანური და ოჯახური ღირებულებები, ასევე, პირადი ქონების ხელშეუხებლობის მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული  საკონსტიტუციო ნორმა.

მე მომმართა არაერთმა ქართველმა,  წარმატებულმა და შეძლებულმაც და, რაც საგულისხმოა, ისეთებმაც, რომლებიც უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, გაეღოთ სახსრები უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი  ქართველების დასახმარებლად.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ  ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო, გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები.

იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ არ დაკარგავს სახეს, ხელოვნური ბარიერებით კვლავაც არ შეეცდება ხელის შეშლას  და უსახლკაროდ არ დატოვებს ისედაც უსამართლოდ დაჩაგრულ ქართულ ოჯახებს, რომელთა ბინების გამოსასყიდად აგერ უკვე მეორე დღეა, ფულს მირიცხავენ ქართველი ემიგრანტები.”