სამართალი
„ბურჯის“ ობიექტიდან აღმასრულებელმა პოლიციამ უკვე ყოფილი ყველა თანამშრომელი გამოყარა. დედაქალაქის სამგორის რაიონში განთავსებულ საწყობში გრძელდება ქონების აღწერის პროცედურები, ამასობაში კი 800-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა... დაუმთავრებელი რჩება მრავალი სამშენებლო ობიექტი – დედაქალაქის საოპერო თეატრის რემონტი, ჩოგბურთის კორტების მშენებლობა, საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რომელზეც უკვე დაიხარჯა მილიონ-ნახევარი ლარი და სხვ.
როგორც საწყობის დაცვის თანამშრომლები ამბობენ, აღწერის შემდეგ ობიექტი დაცვის პოლიციის განკარგულებაში გადავა.
როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, „ბურჯის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე აუქციონი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ უსასყიდლო მომსახურებისათვის კომპანია „ბურჯი“ 11 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მას ქონება დაუყადაღეს.