აქტუალური
აშშ-ის საელჩო სავიზო პროცედურებს ამარტივებს

1-viza-aqtualuri2თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. 2012 წლის 30 აგვისტდან აშშ-ის საელჩო საქართველოში ვიზის განაცხადის შეტანის პროცედურებს ცვლის. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სისტემა მთელ მსოფლიოში ინერგება და ის მომსახურების ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც უფრო ნაკლებხარჯიანს ხდის მას.

აშშ-ის საელჩო მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს: ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ბენისმიერ ფილიალში; სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით; ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება; ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება; გასაუბრების შემდგომ ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა.

აშშ-ის საელჩოში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება და განმცხადებელს ხელახლა მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა.

აქვე აღნიშნულია, რომ დაგეგმილი ცვლილებები არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება დანიშნული აქვთ 2012 წლის 30 აგვისტოს შემდგომ. ისინი დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში. მათი განაცხადი, ჩვეულებისამებრ, განიხილება.