აქტუალური
ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 621 256?

1-siebi-aktual1თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. ცესკომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გამოაქვეყნა. მისი მონაცემებით, საქართველოში სულ 3 621 256 ამომრჩეველია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე თითოეულ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაა მოცემული. საქართველო 73 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქუთაისის საარჩევნო ოლქშია – 163 654, თბილისში კი ამომრჩეველთა რაოდენობით გლდანი ლიდერობს, სადაც 155 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკო მოქალაქეთაგან 1 სექტემბრამდე მიღებული შენიშვნების მიხედვით, სიაში შესწორებებს ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისიასთან შეთანხმებით  15 სექტემბრამდე შეიტანს. როგორც ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამომრჩეველთა საბოლოო სია, სამაგიდო ვერსია, 15 სექტემბრიდან დაიდება. შემდეგ კი მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

ცნობისათვის: როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს გადასცა. სპეციალისტ-დემოგრაფთა აზრით, რომელთაც საქინფორმის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, ოფიციალურად წარდგენილი ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია და არ შეესატყვისება რეალობას. როგორც ექსპერტებმა ჩვენს სააგენტოსთან საუბარში აღნიშნეს, ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, თუ არ ჩავატარებთ მოსახლეობის აღწერას, რომელიც, მიუხედავად რამდენიმე წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილებისა, ჯერ არ ჩატარებულა.

თუმცა თუ შევადარებთ ციფრებს – სხვადასხვა ქვეყანაში საშოვარზე ემიგრირებულთა რაოდენობას, შობადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს, და სხვა მაჩვენებლებს – ამომრჩეველთა რაოდენობა რეალურ მაჩვენებელს 500 ათასი ადამიანით აღემატება.

თუ გავითვალისწინებთ შემთხვევებს, რომელთა შესახებ საუბარია არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციაში გაფურჩქნული საქართველო, ანუ მიშა და კურდღლები...“ (2009 წლის 14 ივლისი), დღეს რეალურად ამომრჩეველთა რაოდენობა, როგორც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გაცილებით მცირეა.