პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით პარტიები კამპანიას წყვეტენ

1-trauri-politika2თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. ძირითადი პოლიტიკური პარტიების განცხადებით, რუსეთთან აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით ისინი საარჩევნო კამპანიას ორი დღით შეწყვეტენ. ამ ინიციატივით გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა არის საკითხი, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი. ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, 7 და 8 აგვისტოს, ანუ მომავალი ორი დღის განმავლობაში, შეაჩეროს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ნაცმოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა.

„იგივეს მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში თავი შევიკავოთ ერთად პოლიტიკური აქტივობისგან და ერთად მივაგოთ პატივი იმ ვაჟკაცებს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ინიციატივის ფარგლებში შეწყდება კამპანიის შეხვედრები და პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამების გაშვება.

მმართველი პარტიის ინიციატივას შეუერთდნენ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და რამდენიმე სხვა პარტია.

„ვუერთდებით ამ ინიციატივას, საარჩევნო კამპანიას ვწყვეტთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინიციატივაა“, – განუცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები.