თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 11 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.
5 აგვისტოს ამოეწურა ვადა ხუთწევრიან „საინიციატივო ჯგუფს“, რომელსაც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა სურდა ერთმანდატიან ოლქში და განცხადებით მიმართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
თერთმეტ საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 11 განაცხადი შევიდა, მათ შორის, სამგორის ერთმანდატიან ოლქში; ასევე, ქუთაისის, თელავის, თიანეთის, მარნეულის, მცხეთის, ხარაგაულის, ვანის, სენაკის, ზუგდიდისა და ხულოს ერთმანდატიან ოლქებში.შეგახსენებთ: საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს – პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს შეეძლოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ამჟამად საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრას.
თუმცა დამოუკიდებელ კანდიდატებს 5 000 ლარის განთავსება მოუწევთ დეპოზიტზე, რომელსაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებენ, თუ ხმების, სულ ცოტა, 10%-ს მოიპოვებენ.
ამგვარი წესი იმ დამოუკიდებელ კანდიდატებთან მიმართებაში იქნა შემოღებული, რომელთაც მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა გამარჯვების განზრახვის გარეშეც სურდეთ.
კანდიდატთა რაოდენობა (მათ შორის, ერთმანდატიან ოლქებში დამოუკიდებელი კანდიდატების დიდი რაოდენობა) არახელსაყრელი სცენარია ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებისთვის, ვინაიდან ეს ოპოზიციის ხმების გაყოფის შანსს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში მმართველი პარტიისთვის არის ხელსაყრელი.
მაჟორიტარი დეპუტატები ირჩევიან პრინციპით „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ იმ პირობით, რომ კანდიდატმა ხმების 30% მაინც უნდა დააგროვოს, პირველ ტურში გამარჯვებულად რომ გამოცხადდეს.
საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი დღის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს საინიციატივო ჯგუფი ან, განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ამის თაობაზე. შემდეგ დარეგისტრირებულმა საინიციატივო ჯგუფებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არაუგვიანეს 12 აგვისტოსი. მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა იმ ერთმანდატიან ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ ცოტა 1%-ს უნდა შეადგენდეს, სადაც კანდიდატი იყრის კენჭს. თუ კანდიდატი მოქმედი დეპუტატია, მხარდამჭერთა ხელმოწერები საჭირო არ არის.