სამართალი
შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიყიდა

1-auqcioni-samarTali2თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფოს მიერ შპს „ბურჯის“ დაყადაღებული ქონება ონლაინაუქციონზე დაახლოებით 8,76 მილიონ ლარად გაიყიდა.

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 26 ივლისს გაიტანა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მოტივით მასზე დაკისრებული 11-მილიონიანი ჯარიმა ვერ გადაიხადა.

აუქციონზე გატანილი ქონება შეიცავდა უძრავ ქონებას თბილისსა და საჩხერეში, რომლის საერთო ფართიც 36 000 კვდრატულ მეტრს შეადგენს და სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს, ბულდოზერებსა და ტრაქტორებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასი იყო 5 153 831,5 ლარი, საბაზრო ღირებულების 50%.

ხუთშაბათს, საღამოს, აუქციონის დასრულებამდე ორი მონაწილის მიერ განხორციელებული ბიჯების რაოდენობამ 30 შეადგინა.

აუქციონის ორი მონაწილე იდენტიფიცირებული იყო როგორც „მომხმარებელი №1“ და „მომხმარებელი №2“.  საბოლოოდ, აუქციონის დახურვამდე, დაახლოებით, ოთხი წუთით ადრე  ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა, რომელიც 8 761 513 ლარს გადაიხდის შპს „ბურჯის“ ქონებაში.

მართალია, ონლაინაუქციონის სისტემა ბიჯების განხორციელებაზე თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა, მაგრამ, სამაგიეროდ, მონაწილის დადგენაა შეუძლებელი.