სამართალი
ინციდენტი სოფელ ბეშუმში

1-beSum-samarTali1თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში 4 აგვისტოს თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ, რამაც მათ მხარდამჭერებს შორის მცირე დაპირისპირება გამოიწვია.

პრეზიდენტი სააკაშვილი კურორტ ბეშუმში შაბათს შუადღისას ჩავიდა.

ყოველწლიურად ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული შუამთობა იმართება.

დღესასწაულის ადგილას შეკრებილი ხალხის წინაშე გამოსვლისას, რომელთაგანაც ბევრს მმართველი პარტიის მაისურები ეცვათ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად  „წარსულის პოლიტიკოსებზეც“ ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ, დაანგრიონ ის, რაც მან და მისმა მთავრობამ ააშენეს. თავის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტმა არაერთხელ მოიხსენია ოპონენტები როგორც „პოლიტიკოსები წარსულიდან“; მართალია, ის კონკრეტულად არავის ასახელებს, მაგრამ ამ გამონათქვამების სამიზნე, როგორც ჩანს, ივანიშვილია.

სააკაშვილმა „წარსულის პოლიტიკოსებზე“ საუბრისას განაცხადა: „მეტი საქმე არ მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ, დაგანგრევინოთ“.

სააკაშვილი ჯერ კიდევ დღესასწაულის ადგილას იმყოფებოდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ჩავიდა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ტერიტორია დატოვა, ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღესასწაულის ადგილისკენ დაიძრა, თუმცა ვერ შეძლო იქამდე მისვლა, რადგანაც მმართველი პარტიის აქტივისტები მას  გადაეღობნენ და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. მმართველი პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი უყვიროდა ივანიშვილს: „წადი!!!“

„მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ მმართველი პარტიის აქტივისტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; მათივე თქმით, იქ მყოფმა პოლიციელებმა მათ თხოვნაზე – დახმარებოდნენ, რეაგირება არ მოახდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან დისტანცირება. შსს-ის განცხადებაში დაპირისპირებული მხარეები მოხსენიებულია როგორც „ადგილობრივი მოსახლეობა“ და „ტერიტორიაზე მისული ცალკეული ჯგუფები“.

„საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის, ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, ამავე დროს, გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას  და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში“, – განაცხადა შსს-მ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ბეშუმში მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების პროვოკაცია იყო, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ხალხთან შესახვედრად მიდიოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მას გზა გადაუკეტეს და ხალხთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

„ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო, არ მიეშვათ ივანიშვილი ხალხთან. ბიძინა ივანიშვილს აქ ჰქონდა ერთი შეხვედრა ხალხთან, შემდეგ მივდიოდით მეორე ადგილას და აქ გადაგვიკეტეს გზა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ მურმან დუმბაძის განცხადებით კი, შუამთობის დღესასწაულზე „ქართული ოცნების“ მომხრეებისა და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე პროვოკაცია მოხდა, რომელსაც ხელვაჩაურის გამგებელი თემურ დუმბაძე ხელმძღვანელობდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა, რომელზე მისვლას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა და აქტივისტებს მიესალმა.

„პოლიციამ „ქართული ოცნების“ აქტვისტებს სთხოვა, არ ასულიყვნენ შეკრების ადგილზე, რადგან ერთ ადგილას ორი აქციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. ივანიშვილის გამოჩენისას „ნაციონალების“ აქტივისტები „წადი, წადი!!!“-ს სკანდირებდნენ“, – იუწყება ტელეკომპანია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სოფელ ბეშუმში 40 წუთში გამოჩნდა.

„ჩვენ ამოვედით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ვიყავით სოფელ ბეშუმის ცენტრში, შევხვდით მოსახლეობას. გუშინ ღამის 2 საათიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანა მოსახლეობა – ზონდერბრიგადები. მათ გაგვიწიეს წინააღმდეგობა. ჩვენ შეგვეძლო შემოვლითი გზით შემოსვლა, მაგრამ ისინი არ გვაძლევდნენ გადაადგილების საშუალებას“, –  განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.