აქტუალური
„სილქნეტმა“ „მე-9 არხი“ ჩართო

1-CarTva-aqtualuri3თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, „სილქნეტს“ უკვე მიაწოდეს სატელიტური თეფში და რესივერი, რის შემდეგაც მან „მე-9 არხი“ სამაუწყებლო პაკეტში ჩართო.

„ჩვენს უდიდეს პრობლემას კვლავ რეგიონული საკაბელოები წარმოადგენს, რადგან ნაწილთან გაგზავნილი წერილები უკან დაგვიბრუნდა, ნაწილი კი არ გვპასუხობს. მისამართები არის არასწორად მითითებული და მათთან კონტაქტზე ვერ გავდივართ. თბილისში თითქმის ყველა საკაბელომ უკვე ჩაგვრთო“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მე-9 არხი“ „სუპერ TV“-მაც ჩართო. ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „კავკასია“ მის პაკეტში შედიოდა და ისედაც ჩართული ჰქონდა.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ამ მომენტისათვის საკაბელო ოპერატორებმა უკვე დაიწყეს სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი, კერძოდ: კახეთის  საკაბელო ოპერატორმა შპს „გორდამ“, რუსთავში მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა, შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მაგთიკომმა“ უკვე განახორციელეს საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი.