საზოგადოება
ეკა ბესელია: „დღეის ამას იქით მე ფოთელი ვარ!“

1-beseliaa-sazogdoeba3თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს განცხადებით მიმართა ფოთში მცხოვრებად დარეგისტრირების თაობაზე.

ფოთელმა ილია ჯანჯღავამ სამოქალაქო რეესტრში საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მის კუთვნილ საცხოვრებელ მისამართზე (იერუსალიმის ქუჩა №37) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის – ეკა ბესელიას, დარეგისტრირებაზე თანხმობა.

„მე უკვე რამდენიმე დღეა, ფოთში ვიმყოფები. როდესაც ვხვდები მოსახლეობას და მაქვს უშუალო კონტაქტი, მათგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც მე ძალიან მახარებს.  გუშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება, დღეს ყველა საჭირო პროცედურა გავიარე და დავრეგისტრირდი ფოთში, რათა გავხდე ფოთელი და ვიყო ერთ-ერთ მათგანი“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ყველა ქალაქის მოსახლეს უნდა, რომ ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყავდეთ მაჟორიტარად და ეს სურვილი მან ფოთელებს აუსრულა.