საზოგადოება
ახალ პარლამენტთან უძრავი ქონება ძვირდება

1-qutaisi-sazogadoeba2თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მოწყობა მიმდინარეობს, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანამ ფასი მხოლოდ გასაქირავებელ ბინებზე გაზარდა.  საცხოვრებელი ფართის დაგირავებისა და გაყიდვის მსურველებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ბინების გაქირავება გაძვირდა. ადრე თუ 50 ლარი ღირდა, ახლა 250 დოლარად აქირავებენ. მაგრამ ასეთ ძვირადღირებულ ფართს,  ძირითადად, პარლამენტის მშენებლობაზე  დასაქმებული თურქი მუშები იღებენ. მაღალი ფასის სანაცვლოდ, თურქები კომფორტს ითხოვენ. ბინაში ცხელი წყალი და შესაბამისი მდგომარეობა უნდა იყოს. ქართველი მუშახელი შედარებით დაბალფასიან ბინაში შედის და ცივი წყლითაც კმაყოფილდება“, – ამბობს ირაკლი აბაშიძის  გამზირზე მცხოვრები ნანული კოპალიანი.

უძრავ ქონებაზე მოვაჭრეების თქმით, პარლამენტის ფაქტორის მიუხედავად, ბინის დაქირავების, დაგირავების თუ  ყიდვის მსურველი პირებისთვის ამ მხრივ სასურველ ადგილად კვლავ ქალაქის ცენტრი რჩება.

„მაგალითად ბინების გაქირავების ფასი 50 ლარიდან იწყება და 300 დოლარამდე ადის. თანაც, გააჩნია ტერიტორიას და ბინის მოწყობას. როგორც ჩვენ ვიცით, მომავალი პარლამენტარები ინტერესდებიან პარლამენტის ტერიტორიაზე ბინის დაქირავების საკითხით. ჩვენთან უშუალოდ ისინი არ მოსულან, თუმცა წარმომადგენლები მოდიან და გვეუბნებიან – პარლამენტარი გადმოდის ოჯახით და ბინა უნდაო“, – ამბობენ მაკლერები.