საზოგადოება
სააკაშვილი: „მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა ვინმეს გადავაბაროთ და დავანგრევინოთ“

1-saaka-sazogadoe1თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აჭარაში  ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა რა წარსულის პოლიტიკოსებზე, განაცხადა: „მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა ვინმეს გადავაბაროთ და დავანგრევინოთ“.

„ახლა, ვინც წარსულიდან თავისი მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენს ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ჰყვება, რომ თურმე ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, თურმე ახალი გზები ეს არის თქვენი ავთენტურობის შეურაცხყოფა, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ კორუმპირებული მოხელეები, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, ის ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ჩვენ მათ გვინდა, ვუთხრათ: უკან წასასვლელი არსად აღარ გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო და, მათ შორის, აჭარა, იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია, მაგრამ წარსულის პოლიტიკოსები ისეთი სპეციალისტები არიან, რომ მათ ეს არ გაუჭირდებათ.

„მაგათ ხელში რომ ჩაუგდო ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენები, შეიძლება 2 თვეში აღარაფერი დარჩეს. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება. ახალი საავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები, ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კარგი დაზღვევა, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, გააგზავნოს, საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.