თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ძირითადი თარიღი, საბოლოო ვადა და პროცედურა.
გუშინ, 5 აგვისტოს, ამოიწურა ვადა პარტიებისათვის, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტში, განცხადებით მიემართათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად; ცესკომ უნდა დაარეგისტრიროს პარტია ან მის განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ორი დღის ვადაში უნდა აცნობოს პარტიას ამის თაობაზე.ცესკოს სპიკერ ეკა აზარაშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, რეგისტრაციისათვის ცესკოში შეტანილია 41 პარტიის განაცხადი, მათ შორის, ბოლო დღეს ერთი განაცხადი პარტია „ჩვენმა ქვეყანამ“ შეიტანა. რეგისტრაციაში უკვე გატარებულია 19 პოლიტიკური პარტია.
იმავე დღეს ამოეწურა ვადა ხუთწევრიან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა სურდა ერთმანდატიან ოლქში და განცხადებით მიმართავდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს შეეძლოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ამჟამად საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრას. თუმცა დამოუკიდებელ კანდიდატებს 5 000 ლარის განთავსება მოუწევთ დეპოზიტზე, რომელსაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებენ, თუ ხმების, სულ ცოტა, 10%-ს მოიპოვებენ. საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი დღის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს საინიციატივო ჯგუფი ან განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ამის თაობაზე. შემდეგ, დარეგისტრირებულმა საინიციატივო ჯგუფებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არაუგვიანეს 12 აგვისტოსი.
დღეს, 6 აგვისტოს, ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს იმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, რომელთაც უფლება აქვთ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა; მონაცემები, ასევე, უნდა შეიცავდეს ხმების რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში.
ოთხშაბათს, 15 აგვისტოს, პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი, სულ ცოტა, 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%) ამომრჩევლის სიას, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ, სულ ცოტა, 1 000 ამომრჩევლის სიას.
კვირას, 19 აგვისტოს, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის პარტიები ცესკოს წარუდგენენ ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ განცხადებასა და საარჩევნო ბლოკის წესდებას.
სამშაბათს, 21 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს.
შაბათს, 1 სექტემბერს, პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს პარტიულ სიას.
ხუთშაბათს, 6 სექტემბერს, ცესკო დაარეგისტრირებს პარტიულ სიებს ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ამის თაობაზე.
იმავე დღეს საოლქო საარჩევნო კომისია დაარეგისტირებს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ან განცხადებებში აღმოჩენილი უზუსტობების შემთხვევაში აცნობებს მათ ამის თაობაზე.
შაბათს, 1 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ცესკო საარჩევნო უბნებს ქმნის საზღვარგარეთ.
ორშაბათს, 10 სექტემბერს, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმ ამომრჩევლების რეგისტრაციის ბოლო ვადაა, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
სამშაბათს, 18 სექტემბერს – ამ დღიდან დაწყებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
პარასკევს, 21 სექტემბერს, იწურება ვადა იმისათვის, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართონ. ცესკომ ხუთი დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დაარეგისტრირებს, თუ არა ორგანიზაციას.
ორშაბათს, 24 სექტემბერს, იწურება ვადა იმისათვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართონ. ცესკომ არაუგვიანეს 26 სექტემბრისა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პარასკევს, 28 სექტემბერს, მედიის წარმომადგენლების მიერ ცესკოში აკრედიტაციისთვის მიმართვის ვადა იწურება.
ორშაბათს, 1 ოქტომბერს – არჩევნების დღეა, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე იღება და საღამოს 8 საათზე იკეტება.
პარასკევს, 12 ოქტომბერს, ბოლო ვადაა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რომ ოლქებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამონ არჩევნების კენჭისყრის შედეგები.
ორშაბათს, 15 ოქტომბერს – მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმ ერთმანდატიან ოლქებში გაიმართება, სადაც ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 30%-ზე მეტს პირველ ტურში. იმავე დღეს უნდა გაიმართოს განმეორებითი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოლქში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაუქმდება.
შაბათი, 20 ოქტომბერი, ცესკოს მიერ ოქმების შეჯამების საბოლოო ვადაა.