თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. ბათუმში ანბანის კოშკთან მდებარე მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ჩატარდა. იქ მოვიდნენ კოალიციის მხარდამჭერი კოლონები ქობულეთიდან, ქედადან და ხელვაჩაურის რაიონიდან.
მსვლელობამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი პრობლემა გზებზე შექმნილი საცობები იყო.
შესაბამისი სპეციალისტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ აქციაზე მომიტინგეთა რაოდენობა დასაწყისში, დაახლოებით, 20 ათასს შეადგენდა.ამასთან, ბათუმში მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო, „Google Map“-ის სატელიტურ რუკაზე არსებული ორიენტირები და მონაცემები არ ემთხვევა ქართული ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის დღევანდელ სურათს. ამის გამო, "ქართული ოცნების" აქციაზე ხალხის რაოდენობის გამოთვლა „Google Map“-ის სისტემით – მეტრაჟისა და სიმჭიდროვის კოეფიციენტის მიხედვით, ვერ მოხერხდა.
ბიძინა ივანიშვილი ბათუმის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხალხს დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოში საბჭოთა ეპოქა დასრულდება და პატიოსნების დრო მოვა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მას საბჭოთა კავშირის მონატრებას აბრალებს. თუმცა, მისი აზრით, საბჭოთა ხელისუფლების მართვის სტილი სააკაშვილს აქვს.
„საბჭოთა ხელისუფლების გარდა ასე დაუფარავად არავინ იტყოდა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, დღეს მექრთამეობა ელიტარული კორუფციითაა ჩანაცვლებული.
„ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წარმატება საბჭოთა კავშირის დანგრევამ განაპირობა... ეს ხელისუფლება იმაშიც მდებს ბრალს, თითქოს მე რუსეთის შემოყვანა მინდა; საქართველოს ხელისუფლება ყველგან ტყუილს თესავს და ცილისწამებაც მათი ყველაზე საყვარელი იარაღია... რამდენი რამ დამაბრალეს, რაც პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი. ისიც კი დამაბრალეს, თურმე მე საბჭოთა კავშირი მენატრება. მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო. საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებას სწორედ ეს აბრკოლებს. სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ. სააკაშვილის ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს“, – განაცხადა ივანიშვილმა გამოსვლისას.
მისივე თქმით, მას მხოლოდ საბჭოთა კავშირის ლიდერებისგან სმენია ის, რაც თქვა პრეზიდენტმა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. „სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან – მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმეს გადავაბაროო. მე არ ვიცი არცერთი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას; არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არცერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა. თავისი წინაპარივით ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც საბჭოურია. მექრთამეობა ელიტარული კორუფციით არის ჩანაცვლებული. ორი-სამი კაცი თავისი ნება-სურვილით განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტს და არა მარტო ბიუჯეტს. სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის ხელშია ყველა ფინანსური ნაკადი. აი, ასეთი ხელისუფლება მდებს მე ბრალს საბჭოთა ცხოვრების ნოსტალგიაში. არც ეს გაუვათ. ყველამ იცის – ჩემი წარამატება იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო. ეს ხელისუფლება იმაშიც მდებს ბრალს, თითქოს მე რუსეთის შემოყვანა მინდა. ამას გაჰკივიან მის მიერ დაგეშილი ადამიანები, მაგრამ სწორედ სააკაშვილმა თავისი უგუნური პოლიტიკით შემოიყვანა რუსეთის ჯარი და ამის დასტური ოკუპირებული ტერიტორიები და ასობით დაკარგული ქართული სოფელია“, – დასძინა ივანიშვილმა.
„ძალადობა და დაპირისპირება, დაშლა და დაქუცმაცება – აი მხოლოდ ასე შეუძლია სააკაშვილს ქვეყნის მართვა და ამან ქვეყანა სადამდეც მიიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ“ , – აღნიშნა ივანიშვილმა.
„არ შემიძლია არ შევჩერდე იმ დამანგრეველ ტენდენციაზე, რომელიც მესტიაში გამოიკვეთა. შეკრებაზე მოსულმა ერთმა ქალბატონმა თითქოს სვანების სახელით მოიბოდიშა და თქვა, ესენი, ვინც ხელს გვიშლიან, არ არიან სვანები, ეგენი მეგრელები არიანო. აი, აქამდე მიჰყავს სააკაშვილს დაპირისპირებით ქვეყანა. კუთხე კუთხეს დაუპირისპირა, ქალაქი – ქალაქს, უბანი – უბანს და ასე შლის და აქუცმაცებს მთელ საქართველოს. სახელმწიფოს მეთაურები ასე არ იქცევიან, ჩვენთან ბრძოლისთვის ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს, სააკაშვილმა გაყო და გახლიჩა ქართველი საზოგადოება. მას ახლა ჰყავს თავისი ჟურნალისტები, რეჟისორები, მსახიობები, მასწავლებლები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა, რამდენი ვართ“, – განცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა. იგი წინადღით ბეშუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მშიშარა კაცია, რომელიც დიდი ხანია, საკუთარ მოსახლეობას პირისპირ ვეღარ ელაპარაკება და მხოლოდ „ზონდერებით“ ზურგგამაგრებული ყელყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს. ივანიშვილის განცხადებით, რაც იქ სააკაშვილმა იკადრა, ვერასოდეს წარმოიდგენდა.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, მას უნდოდა, ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაული მიელოცა ხალხისთვის, თუმცა ისეთი სურათი დახვდათ, რასაც არ ელოდნენ. ივანიშვილის თქმით, ადგილობრივები სახლებში იყვნენ ჩაკეტილი და იქედან აფიქსირებდნენ კოალიციის მხარდაჭერას, ხოლო დღესასწაულში მონაწილეობდნენ გამგებლები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომელთაც „ქართულ ოცნებას“ და პირადად მას მთაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
„დაპირისპირება ჩვენი დიდი ძალისხმევით შევაჩერეთ. სახალხო დღესასწაულს თუ „ნაცმოძრაობის“ დღესასწაულად გადააქცევდნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, არც ეს გამოუვიდათ. როგორც კი გაიგო სააკაშვილმა, რომ იქ ვიყავით, შეწყვიტა ბაქიბუქი და კურდღელივით გაიქცა. გაფრინდა თავისი ვერტმფრენით და გაეცალა იქაუარობას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო და სიცრუეა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
„სააკაშვილმა მოახერხა და ჩვენი სამღვდელოებაც კი დაუპირისპირა ერთმანეთს, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. – სააკაშვილმა გაბედა და ისეთ სივრცეში შეიჭრა, როგორიც ჩვენი ეკლესიაა“.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ნაციონალური ტელეარხებით ტრაბახობენ იმ მღვდელმთავრებით, რომლებიც ხოტბას ასხამენ სააკაშვილს, ხოლო დაუფარავი აგრესიით მოიხსენიებენ ყველას, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა.
ივანიშვილის განცხადებით, დაპირისპირება ეკლესიაში ისე დაუფარავად ხდება, რომ საჩხერეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებულია იმ განწყობით, რომელსაც საჩხერეში მომსახურე მეუფე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ავლენს.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, იგივე ვითარებაა საზღვარგარეთ, სადაც ეს პროცესი დიასპორებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„დაახლოებით იმავეს აკეთებენ უცხოეთში მომსახურე მღვდელმსახურები. ეს პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ უცხოეთში ქართული დიასპორები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვისი მხარდამჭერიც არის მოძღვარი, მის მხარდამჭერადაა ქცეული მრევლი. ჩვენ ამ დაპირისპირებას დავამთავრებთ, ჩვენ ეკლესიას გავათავისუფლებთ ნებისმიერი ზეწოლისა და ნებისმიერი პოლიტიკური წნეხისაგან. სიტყვას გაძლევთ, რომ სახელმწიფო აღარასოდეს ჩაერევა ეკლესიის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღასანიშნავია, რომ, მიუხედავად უამინდობისა, „ქართული ოცნების“ აქცია ბათუმში სრულყოფილად ჩატარდა.
მორიგი აქცია კი რუსთავში გაიმართება 18 აგვისტოს. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი აქცია გაიმართება შაბათს და არა კვირას, როგორც ეს
ტრადიციულად ხდებოდა.
გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს ბათუმში 5 აგვისტოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერის „Facebook“-ის „Bidzina Ivanishvili official“-ზე გამოქვეყნდა:
ბიძინა ივანიშვილის მიმართვა აჭარლებს (ნაწილი I)
„მოგესალმებით, ჩემო ბათუმელებო! მოგესალმები, ჩემო აჭარა!
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისთვის.
მივესალმები ქედას, ხულოს, შუახევს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ბათუმს!
მივესალმები მთელ საქართველოს!
დღეს ჩვენ საქართველოს კარიბჭედ ქცულ მიწაზე ვდაგავართ, რომელსაც ვინ მოსთვლის რამდენი ჭირ-ვარამი გადახდენია თავს!
დიდი იმპერიების ჭიდილში აჭარა ყოველთვის სამშობლოს, საქართველოს ერთგული იყო; ხშირად საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, ჩუმად გულში ქართველობას ინახავდა და უცხოელების ქვეშვევრდომობას არასოდეს შეჰგუებია.
აქ ეროვნულ ცნობიერებას ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული ერთი წუთითაც არ განელებულა.
აი, ამიტომაა, რომ აქ, აჭარაში, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ქართველობა, საქართველოს სიყვარული და ერთგულება!
აჭარა ისეთ დროსაც მოესწრო, როდესაც სახელმწიფო საზღვრები ისე გაუვლეს, რომ ერთ სოფელში მოსახლე ძმებიდან ერთი საქართველოში დარჩა, მეორე კი საზღვრის გადაღმა აღმოჩნდა. ისინი სიმღერით ეხმიანებოდნენ და ისე ატყობინებდნენ თავის სათქმელს ერთმანეთს. აჭარამ ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძლო!
განსაკუთრებულია ამ კუთხის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის, საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს, მთლიანობის შენარჩუნებასა და საბოლოო გაერთიანებაში.
როდესაც საქართველოს მთლიანობა იყო გადასარჩენი, არავინ არჩევდა, ვინ იყო ქრისტიანი და ვინ - მუსლიმანი.
მე კარგად ვიცი, ახლა თქვენს გულში რა ცეცხლიც ტრიალებს. ეს ცეცხლი სახიფათოც არის და სამართლიანიც. სწორედ სამართლიანობის გამოა ის განსაკუთრებულად საშიში. ტყუილის, უსამართლობისა და უკანონობის გამოა ის დანთებული თქვენს გულში.
თქვენ ტყუილისგან თავისუფალ, სიმართლესა და კანონიერებაზე აშენებულ ქვეყანას იმსახურებთ. და ახლა, საქართველოში სიმართლის, სამართლიანობის დრო მოდის!
არადა, სწორედ სიმართლეს უპირისპირდება ეს ხელისუფლება და ყველგან ტყუილს თესავს. ტყუილი და ცილისწამება მათი ყველაზე საყვარელი იარაღია. მეც რამდენი რამ დამაბრალეს, რაც პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი. ისიც კი დამაბრალეს, რომ მე, თურმე, საბჭოთა კავშირი მენატრება.
მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო - ეს იყო მექრთამეობისა და დახლს ქვემოთ გადანახული სინდისის ქვეყანა, ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრება მხოლოდ კომპრომისებს და გაიძვერობას მოჰქონდა.
საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც სწორედ ეს აბრკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი, რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ.
ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად, წინაპარს.
დააკვირდით სააკაშვილს, დააკვირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა ხელისუფლებასთან.
სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან, მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმე სხვას გადავაბარო და დავანგრევინოო.
მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას, არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა.
თავისი წინაპარივით ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც ტყუილზეა აგებული, ხოლო საბჭოური მექრთამეობა ელიტარული კორუფციით არის ჩანაცვლებული.
ორი-სამი კაცი თავისი ნება-სურვილით განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტს და არა მარტო ბიუჯეტს. სააკაშვილის, მერაბი