თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. მმართველმა პარტიამ სატელევიზიო რეკლამის გაშვება დაიწყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მერყეობას ეხება.
39-წამიან სატელევიზიო რეკლამაში მამაკაცის ხმა ამბობს: „უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. უარს ვამბობთ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობაზე. მხოლოდ ერთადერთმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უარყო წესი. რატომ? რას გეგმავენ ისინი?“გარდა იმ პუნქტებისა, რომლებზეც რეკლამაშია საუბარი, საარჩევნო ქცევის წესების დეკლარაცია, ასევე, მოუწოდებს პარტიებს, აიღონ ვალდებულება ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე. სწორედ დეკლარაციის ეს პუნქტი გახდა დავის მთავარი წყარო.
„ქართული ოცნების“ განცხადება ამ კუთხით განსხვავებულ ფორმულირებას შეიცავს, რომელიც პარტიებს არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტას სთავაზობს.
როგორც საქინფორმი არაერთხელ იტყობინებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოთხპუნქტიანი დეკლარაცია 14 ივლისს წარმოადგინა, რისთვისაც ის „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა და მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორს მანამდე ჰქონდა დაწყებული მუშაობა. 16 ივლისს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს არასაკმარისი უწოდეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი 17-პუნქტიანი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს. 18 ივლისს მმართველმა პარტიამ თანხმობა განაცხადა, რომ საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესების შესახებ მის მიერ თავდაპირველად ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული შეთავაზებები დამატებოდა.